ინფორმაცია

ჩვენ შესახებ

სამშობიარო სახლის მოკლე ისტორია

 

1902 წლამდე, ქალაქის საავადმვოფოს გახსნამდე, აჭარასი სამეანო–გინეკოლოგიური განყოფილება არ არსებობდა. მშობიარობის მიღებას ექიმბაშები აწარმოებდნენ, ხოლო ქალაქ  ბათუმში იშვიათად ბებია ქალები. ახლადგახსნილ ქალაქის საავადმყოფოში ერთი კორპუსი დაეთმო სამეანო–გინეკოლოგიურ და ქალთა თერაპიულ განყოფილებას. როგორც სამშობიარო, ასევე ქალთა თერაპიულ განყოფილებას ერთი და იგივე სამედიცინო პერსონალი ემსახურებოდა. შემდგომში, უსახსრობის გამო კიდევ უფრო შევიწროვდა სამეანო – გინეკოლოგიური განყოფილება, ხოლო პირველი მსოფლიო ომის დროს იგი სრულად გაუქმდა.

იმ პერიოდში ბათუმში მოქმედებდა ორი კერძო სამშობიარო თავშესაფარი, აღჭურვილი 2–3 საწოლით. მშობიარობა ძირითადად იმართებოდა ბინაზე.

1919 წელს, ქალაქის საავადმყოფოსათვის მისი ყოფილი შენობის დაბრუნების შემდეგ, სამეანო–გინეკოლოგიური განყოფილება გაიზარდა 30 საწოლით და მას დაეთმო საავადმყოფოს პირველი სართული.

ქალაქის საავადმყოფოს სამეანო–გინეკოლოგიური განყოფილება ვერ აკმაყოფილებდა მოსახლეობის მოთხოვნებს. ამიტომაც 1935 წლის 24 ნოემბერს ქალაქ ბათუმის გარეუბანში–გარადოკში, სპეციალურად აშენებულ შენობაში საზეიმოდ გაიხსნა 120 საწოლიანი სამეანო–გინეკოლოგიური საავადმყოფო, რომელსაც შემდგომში დაემატა 10 საწოლი და ეწოდა ბათუმის სამშობიარო სახლი. სამშობიარო სახლის პირველი მთავარი ექიმი იყო ენერგიული, საქმის მოყვარული ექიმი ზ. შუშანიძე. ხოლო განყოფილების გამგედ მოწვეულ იქნა დახელოვნებული და დიდი ავტორიტეტის მქონე მეან–გინეკოლოგი ი. ჩარკვიანი. 1938 წლიდან სამშობიარო სახლს განაგებდა გ.ხეჩინაშვილი.  გ.ხეჩინაშვილის ომში გაწვევის შემდეგ სამშობიარო სახლის მთავარ ექიმად ინიშნება მედიცინის მეცნიერებატა დოქტორი   ი. ჩარკვიანი.

1951 წლიდან სამშობიარო სახლი გადმოდის რუსთაველის ქუჩაზე, სადაც  დღემდე მდებარეობს.

1930 წლიდან ქალაქში ფუნქციონირებდა 4 სამეანო–გინეკოლოგიური კაბინეტი. ასევე ქალთა კონსულტაცია ორსული და მეძუძური დედებისთვის, რომელიც განთავსებული იყო დღეს არსებული საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის შენობის (ბარათაშვილის ქუჩაზე) მეორე სართულზე.  1982 წელს ქალთა კონსულტაცია გაერთიანება სამშობიარო სახლთან. დღემდე ბათუმის ი. ჩარკვიანის სახელობის სამშობიარო სახლი წარმოდგენილია ერთიან, მძლავრ დაწესებულებად, გამორჩეული მაღალპროფესიონალიზმითა და თანამედროვე სამეანო–გინეკოლოგიური სტანდარტებით.


Copyright © 2015 All Rights Are Reseved BMH.GE. Developed By Web-Master.Ge